საქართველოს მთავრობის 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დამტკიცებას. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, საწყის ეტაპზე, განისაზღვრა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის შემუშავება და დამტკიცება. კონცეფციის დოკუმენტი, როგორც საზღვაო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის ნაწილი, შემუშავებულია 2019 წლის 20 დეკემბრის „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №629 დადგენილების შესაბამისად. საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია განსაზღვრავს საზღვაო დარგის შემდგომი განვითარების ხედვას, ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს, ასევე, ქმნის წინაპირობას საბაზისო ინდიკატორების მომზადებისა და სტრატეგიის შემუშავებისთვის. კონცეფცია, შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის მერვე მიზანთან: საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მდგრადი ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა. საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის უზრუნველყოფას ისეთი გარემოთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან შეუფერხებელ ვაჭრობას განაპირობებს. შესაბამისად, საქართველო ახდენს საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების რატიფიცირებას ქართველი მეზღვაურებისა და ქართული საზღვაო ინდუსტრიის ინტერესებიდან გამომდინარე.
საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება, კონცეფციის დამტკიცებასთან ერთად აქტიურად არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. კონცეფციის მიზნების შესრულების მაკოორდინებელი როლი ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს (სტს), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური მარეგულირებელია.
იხილეთ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის სამუშაო ვერსია.
2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: m.kadjaia@mta.gov.ge info@mta.gov.ge
ასევე იგეგმება ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.