მთავარი > სიახლეები
სიახლეები
სახელმწიფოს დახმარებით აფრიკაში 92 მეზღვაურის შეცვლა განხორციელდა
11 ივლისი, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის ძალისხმევით 51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გემებზე დასაქმდებიან.

ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველი მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, რომელთა შორისაც 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ფაქტიურად უნიკალური ლოჯისტიკური ოპერაციის განხორციელება - ორგანიზება გაეწია ლომეს პორტში 4 კომპანიის 7 გემზე 92 მეზღვაურის როტაციას. უკვე მე-3 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა აფრიკის მიმართულებით, რომელიც როტაციის თვალსაზრისით რთულ გეოგრაფიულ რეგიონად ითვლება”, განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კერძო კომპანიების:

▫️Oceangold Tankers Inc.,
▫️Lotus Shiping Company Limited,
▫️El Victor-სა და
▫️Queensway Navigation Co. LTD-ს ორგანიზებით დაინიშნა სპეციალური ავიარეისი, რომელიც ავიაკომპანია “My way Airlines”- მა შეასრულა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაეხმარა საქართველოს მოქალაქე 1500-მდე მეზღვაურს.
მას შემდეგ კი, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით მეზღვაურები “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად გამოაცხადდა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურიც შეიცვალა.