მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ბათუმის პორტში „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“ კუთვნილ გემზე ქართველი მეზღვაურების როტაცია განხორციელდა
13 მაისი, 2020
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელშეწყობით ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესი მიმდინარეობს.
სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც განახორციელა კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მეზღვაურებისათვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
„ამ ეტაპზე ქართველი მეზღვაურების, როგორც ძირითადი სამუშაო ძალის წარმომადგენლების, რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს გემზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის მიმართულებით. წარმატებით ვთანამშრომლობთ კომპანია „კოლუმბია შიპ მენეჯმენტთან“. სააგენტოს დახმარებით დღეს კიდევ 6 მეზღვაურის შეცვლა განხორციელდა და კომპანიის კუთვნილ გემზე 6 ქართველი მეზღვაური ავიდა სამუშაოს გასაგრძელებლად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით გემი სრულად გათავისუფლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.
სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კომპანია „კოლუმბია შიფ მენეჯმენტი“ ქართველი მეზღვაურების მსხვილი დამსაქმებელია, რომელსაც საქართველოსთან თანამშრომლობის 20 წლიანი გამოცდილება აკავშირებს. მისი თქმით, „კოლუმბია შიფ მენეჯმენტ“-მა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მუშაობა მეზღვაურთა როტაციის მიმართულებით და შედეგად უკვე მეორედ მოხერხდა მეზღვაურების როტაციის ორგანიზება.
მსოფლიო ტვირთების 90% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება და უზრუნველყოფს მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვის, ვაჭრობისა და ქვეყნებში სურსათის, მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მარაგების შექმნის პროცესს. სწორედ ამ მიზეზით მოუწოდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) თავის წევრ ქვეყნებს მეზღვაურის პროფესია აღიარონ „საკვანძო პროფესიად“ და უზრუნველყონ გემებზე ეკიპაჟის წევრების როტაციის პროცესის მხარდაჭერა.